საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი საქსონიის ფედერაციულ მიწაზე

25 ივნისს საქართველოს ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილსა და საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრთან, როლან ვიოლერს, შორის შეხვედრა შედგა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პოლიციის ატაშე გერმანიაში, გვანცა ჩხვიმიანი, და საქართველოს კონსული, კახა შიშნიაშვილი. 

კონსტრუქციულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საქსონიის ფედერალურ მიწას შორის თანამშრომლობას. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება საპოლიციო თანამშრომლობაზე. ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ იქნა შეთავაზებული დანაშაულთან და არალეგალურ მიგრაციასთან ერთობლივი ბრძოლა, არაიდენტიფიცირებული საქართველოს მოქალაქეების ავთენტური მონაცემების სწრაფი დადგენა, რეადმისიას დაქვემდებარებული პირების სამშობლოში დაბრუნების პროცედურების დაჩქარება, ერთობლივი საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების შექმნა. ხაზი გაესვა, რომ მომართვის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქედ იდენტიფიცირებულ და გფრ-ს ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფ ყველა პირს საქართველო უპირობოდ იბრუნებს უკან, რაც რეადმისიის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის საშუალებას იძლევა.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და ისეთ განხორციელებულ თუ დაგეგმილ ღონისძიებებზე, როგორიცაა შესაბამისი კანონმდებლობის მიღება, საინფორმაციო კამპანიის განხორციელება, გერმანული უწყებებისთვის დაბრუნების მოწმობის ელექტრონულად ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა. 

ორივე მხარემ გაიზიარა გფრ-ს მთავრობის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების საჭიროება, რისი განხორციელების შემდეგაც თავშესაფრის მინიჭების ხანგრძლივობა შემცირდება და თავიდან იქნება აცილებული თავშესაფრით ბოროტად სარგებლობა. 

საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა გასულ წლებში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები გამოყო - ქვეყნისა, რომელმაც „თავისუფლებისა და ეკონომიკის კუთხით“ რეგიონის მოწინავე სახელმწიფოდ დაიმკვიდრა თავი. მან ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის - საქართველოსთან, თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ. 

უყურადღებოდ არ დარჩა საქართველოს მთავრობის მცდელობანიც, რომლებმაც უკვე დადებითი შედეგი გამოიღეს. გასული სამი თვის განმავლობაში თავშესაფრის მიღების მიზნით გერმანიაში შემოსული პირების უწყვეტი კლება დაფიქსირდა. 2018 წლის მაისში 74%-ით ნაკლები თავშესაფრის პირველადი განაცხადი დაფიქსირდა, ვიდრე ამავე წლის იანვარში. 

მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების ურყევი ნება გამოხატეს, რაც გერმანიასა და ერთიან ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.