საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

გერმანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰაიკე პაიჩი.

Merkel Merkel

23 აგვისტოს დაიწყო გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს.

მთავრობის მეთაურმა ფედერალურ კანცლერს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყნის ლიდერის მასპინძლობა დიდი პატივია.

საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც კონფლიქტით დაშორებულ საზოგადოებებს შორის შერიგებას და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

Merkel Merkel Merkel

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა მამუკა ბახტაძისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყნის მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიღწევები ევროკავშირთან თანამშრომლობის და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ გზის ერთგულია. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად შეაფასა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება გერმანული კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს და დარწმუნებულია, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს ბიზნესდელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელიც თბილისს გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ერთად ეწვია.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში არსებულ აქტიურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა.

Merkel Merkel

ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელისა და პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ერთობლივი პრესკონფერენცია

ფედერალური კანცლერი მერკელი: დიდი მადლობა, პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მამუკა ბახტაძევ. მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვარ სტუმრად. ბოლოს აქ თითქმის ათი წლის წინ ვიყავი. მაშინ ის-ის იყო, ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც თქვენც ახსენეთ. მე მაშინ ხაზგასმით მოვითხოვე რუსული ჯარები გაყვანა და დღესაც, ათი წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერ მხარს. ყველაფერში, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ასევე ადამიანების მდგომარეობის გათვალისწინებით, გერმანია თავისი წვლილის შეტანას ეცდება.

გასულ წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდგომ, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველო-გერმანიის წელი ვიზეიმეთ. თქვენ წელს პირველი ქართული რესპუბლიკის დაფუძნების ასი წლისთავს აღნიშნავთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 200 წლის წინ გერმანელი კოლონისტები მოვიდნენ საქართველოში. ასე, რომ ჩვენ ძალიან გრძელი ურთიერთობები გვაქვს, და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველო ახლა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე პარტნიორი ქვეყანა იქნება. თქვენ შეარჩიეთ სათაური „Georgian Characters“, შესაბამისად თქვენი სლოგანია „ანბანით მოთხრობილი საქართველო“, ( Georgia made by Characters) და რა თქმა უნდა ძალიან გვაინტერესებს, რა პერსონაჟებთან (Characters) შეხვედრის საშუალება გვექნება იქ. ეს აჩვენებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს შორის თანამშრომლობა გაფართოვდა, რაც ტურისტების გაზრდილი რაოდენობითაც წარმოჩინდება.

ჩვენ აქ ძალიან დაწვრილებით ვისაუბრეთ ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ეკონომიკური საწარმოების დელეგაცია შემთხვევით არ მახლავს თან. თქვენ თავად ახსენეთ: როგორც „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, თქვენ უკვე საფუძველი ჩაუყარეთ ურთიერთობებს ჩვენს რკინიგზებს შორის. თუმცა ეს შეგვიძლია ჩვენ გაცილებით განვავრცოთ, და პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენეს, რომ საქმე, პირველ რიგში, ახალგაზრდებისთვის განათლების შანსებს ეხება. აქვე გვაქვს შემოთავაზებები საშუალო და მოზრდილი საწარმოებისგან, რომლებიც მზად არიან, განათლებაში, პროფესიულ განათლებაში, ტრენინგში, დუალურ განათლებაში საქართველოში მოახდინონ ინვესტირება.

ჩემი ვიზიტისას ხელი მოეწერება ორ შეთანხმებას ფინანსური თანამშრომლობის შესახებ 193 მილიონი ევროს ღირებულებით. ეს არის განვითარების მიზნით თანამშრომლობის შეთანხმებები, რომლებიც, მაგალითად, აირის რეზერვუარის მშენებლობას, ისევე როგორც სასმელი და საკანალიზაციო სისტემების მოწყობაში დახმარებას გულისხმობს. ამ სფეროშიც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

ევროკავშირის საშუალებით უფრო ინტენსიური ურთიერთობების გზას ვადგავართ. ამაში წვლილი შეიტანეს ასოცირების ხელშეკრულებამ და, რა თქმა უნდა, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ. ვიზალიბერალიზაციამ გაამარტივა ჩვენი კონტაქტები. ასევე მინდა მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ამ მხრივ საქართველო მართლაც ძალიან კარგი პარტნიორია.

გვჯერა, რომ სხვადასხვა სფეროში შეგვიძლია თანამშრომლობა, და ამიტომ ჩვენ - რადგან პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ ეს ასე მნიშვნელოვანია - გადავწყვიტეთ, რომ ეკონომიკურ საკითხებზე პასუხისმგებელთა, ეკონომიკის მინისტრების საწარმოთა პალატებთან მუდმივი შეხვედრები გვექნება, რათა დავადგინოთ, სად შეიძლება თანამშრომლობის გაინტენსიურება. გერმანიას ძალიან კარგი გამოცდილება აქვს სასოფლო-სამეურნეო სფეროში, და მჯერა, სწორედ სოფლის-მეურნეობის პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტის თვალსაზრისით და ამისთვის საჭირო ნორმების დაცვის კუთხით შეგვიძლია, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ გავაუმჯობესოთ.

მთლიანობაში, ძალიან დიდი სიამოვნებით ვარ აქ. მოხარული ვარ, რომ აქ ვხედავთ ქვეყანას, რომელიც კარგ ეკონომიკურ გზას ადგას. გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაშიც, რომ ზრდა, რომელსაც აქ ხედავთ, ინკლუზიურიცაა და მაქსიმალურად ყველა ადამიანი - განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა - ისარგებლებს ამით. ამიტომ მიხარია, რომ ჩემი ვიზიტისას მექნება თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაცვლა-გამოცვლა და დისკუსია. თავად ის პიროვნებაც, ვის სახელსაც უნივერსიტეტი ატარებს, ქართულ-გერმანული მრავალწლიანი თანამშრომლობის დასტურია, ვინაიდან ის თავად იმყოფებოდა გერმანიაში და კვლევით საქმიანობას ეწეოდა. ამდენად აქ ჩვენ ჩვენი წინაპრების საქმეს ვაგრძელებთ, რომლებსაც ყოველთვის კარგი ქართულ-გერმანული ურთიერთობები ჰქონდათ.  

***

კითხვა: პატივცემულო ქალბატონო ფედერალური კანცლერო, მაინტერესებს საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის საკითხი - ეს თემა თქვენც ახსენეთ. თქვენი ვიზიტის წინ თქვენ რუსეთის პრეზიდენტს შეხვდით. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ეს შეხვედრა, რადგან მაშინდელ პრესკონფერენციაზე დასწრება არ შეგვეძლო. რაზე მოილაპარაკეთ მასთან? საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრეთ?

რაში ხედავთ, როგორც ფედერალური კანცლერი, გერმანიისა და ევროკავშირის როლს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მოგვარებაში? თქვენ ყოველთვის ხაზს უსვამდით, რომ გსურდათ ამ საქმეში წვლილის შეტანა. დიდი მადლობა.

ფედერალური კანცლერი მერკელი: როგორც ცნობილია, ხვალ მივემგზავრები კონტაქტის ხაზზე, ანუ იმ ხაზზე, რომელზეც ევროკავშირის მისია ცდილობს, მდგომარეობას დააკვირდეს, რათა ამით გამოვხატო ის, რომ ეს უსამართლობად მიმაჩნია. რუსეთის პრეზიდენტი იცნობს ჩემს პოზიციას. სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, მაგალითად უკრაინასთან კავშირში, მჭიდრო დიალოგი გვაქვს და ვცდილობთ, გადავჭრათ კონფლიქტი. ვფიქრობ, ეს კონფლიქტები გარკვეულწილად ერთმანეთთანაცაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად იქ მცირე პროგრესია.  ამიტომ შემიძლია, მხოლოდ იმაში დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ამ უსამართლობას არ დავივიწყებთ და განვაგრძობთ იმაში წვლილის შეტანას, რომ ჩვეულ დღის წესრიგს კი არ დავუბრუნდეთ, არამედ - ეს საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში.

კითხვა: ქალბატონო ფედერალურო კანცლერო, დღევანდელი „ჰანდელსბლატი“ წერს, რომ თქვენ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე გერმანელი კანდიდატის დანიშვნას უფრო უჭერთ მხარს, ვიდრე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე. შეგიძლიათ გვითხრათ, ეს მართალია თუ არა და როდის გექნებათ ევროპის წამყვანი თანამდებობების თვალსაზრისით ჩამოყალიბებული პოზიცია გერმანულ პერსონალის პოლიტიკასთან დაკვშირებით?

ფედერალური კანცლერი მერკელი: დისკუსიები მომავალი პერსონალის გადაწყვეტილებების შესახებ ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით უკვე ნელ-ნელა მიმდინარეობს. 7 სექტემბრიდან გაიხსნება საკონკურსო პერიოდი „ევროპის სახალხოს პარტიის“ ლიდერი კანდიდატებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტის დაკავება გაცილებით გვიან უნდა მოხდეს. ასე, რომ მე არანაირი სურვილის დადასტურება არ შემიძლია, რომელიც მაქვს, არამედ დაველოდებით მოვლენების განვითარებას და ვნახავთ, როგორ განვითარდება გერმანული პოზიციები.

კითხვა: მოგესალმებით, ქალბატონო ფედერალურო კანცლერო! ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა საქართველოს ევროპულ გზასა და ევროპულ არჩევანზე გკითხოთ, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა და რომელიც პრემიერ-მინისტრმაც ახსენა. როგორ შეაფასებდით საქართველოს დღევანდელ პოზიციას? სად ვდგავართ? გვქონდა თუ არა პროგრესი? რა უნდა გააკეთოს საქართველომ კიდევ, რომ დაუახლოვდეს ევროკავშირს? როგორია განსაკუთრებით გერმანიის როლი? გვექნება თუ არა გერმანიის მხარდაჭერა მომავალშიც?

ფედერალური კანცლერი მერკელი: დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს გიჭერთ. სწორედ ამიტომაც ვარ, მაგალითად, ახლა აქ. მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ მაშინ კი არ გაქვთ, როცა მე აქ ვარ. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველო ძალიან ახლო პარტნიორია. გვაქვს ასოცირების შეთანხმება. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ვფიქრობ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, და გერმანიასაც შეუძლია, წვლილი შეიტანოს ამ ურთიერთობების გაფართოებაში.

ჩვენთვის საქართველოს სურვილები ცნობილია. მაგრამ ახლა ჯერ ისევ იმ ინსტრუმენტების გაღრმავების ფაზაში ვართ, რომელთან ამ მომენტისთვის ვფლობთ. ჩემი ვიზიტი, იმედია, იმაშიც შეიტანს წვლილს, რომ, მაგალითად, ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ვფიქრობ, ნაბიჯი, რომელიც ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არის ვიზალიბერალიზაცია. ესენია ის საკითხები, რომლებზეც უახლოეს მომავალში მუშაობას ვაპირებთ, და ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იმედი მაქვს.

კითხვა: ბატონო პრემიერ-მინისტრო ბახტაძევ, ახლა ხშირად აღინიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია განხორციელდა და რომ ქვეყანაში დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეთ. თუმცა 2017 წელს უვიზო რეჟიმის შემოღებისას, თავდაპირველად საქართველოდან ბევრო ლტოლვილი ჩავიდა გერმანიაში. მას შემდეგ გერმანიაში იმის შესახებ მიმდინარეობს დებატები, უნდა მოხდეს თუ არა საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარება. თქვენი აზრით, უნდა ჩათვალოს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად?

მინდა იგივე კითხვა კანცლერსაც დავუსვა: გეგმავთ თუ არა ამ პოლიტიკური ინიციატივის ფორსირებას?

მართალია, მიღებული არ არის, უცხოეთში გერმანიის შიდა მდგომარეობის შესახებ შეკითხვების დასმა, მაგრამ იქნებ რაიმე გვითხრათ საქსონიაში შექმნილი ვითარების შესახებ. ამჟამად გერმანიაში დიდია აღშფოთება იმის შესახებ, „პეგიდას“ მომხრეებმა, რომელთა შორის ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელიცაა, სატელევიზიო გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელი რომ შეუშალეს. ეს იმ ღონისძიებაზე მოხდა, რომელსაც თქვენც ესწრებოდით.

....

ფედერალური კანცლერი მერკელი: დავიწყებ საქართველოთი როგორც უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნით: მე მხარს ვუჭერ, რომ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანაა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციის შემოღების შემდეგ, როცა ლტოლვილების გარკვეული რაოდენობა მართლაც აღმოჩნდა [გერმანიაში], ახლა ერთობლივად შევძელით ამ რაოდენობის შემცირება. ამ თანამშრომლობისთვის მადლობას მოგახსენებთ. დღეს იმაზეც ვისაუბრეთ, და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდე ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ ეს რიცხვი კლებას განაგრძობს. რადგან ეს მართლაც ისეა, რომ [ლტოლვილად] აღიარების მაჩვენებელი გერმანიაში ძალიან დაბალია.

მეორეც - ცოტა ხნის წინ ვნახე - ღონისძიებიდან თუ დემონსტრაციიდან არაფერი ან თითქმის არაფერი მინახავს. მართალია, დრეზდენში ვიყავი, და ეს ღონისძიებაც ამ ვიზიტს უკავშირდებოდა, მაგრამ ეს ღონისძიება ვიზიტისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა. დემონსტრაციის უფლება სრულად უნდა იყოს გარანტირებული. ვინც დემონსტრაციაზე მიდის, იმისთვისაც მზად უნდა იყოს, რომ მედიის მხრიდან მოხდება მისი გადაღება და მასზე დაკვირვება. ესე იგი ჟურნალისტების თავისუფალ საქმიანობას უნდა ჰქონდეს ადგილი. საჭირო გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვაღიარო პრესის თავისუფლება. თითოეულმა, ვინც დემონსტრაციაში მონაწილეობას ღებულობს, უნდა იცოდეს, რომ ის ამ პრესის თავისუფლების ობიექტს წარმოადგენს.

ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 წ. 

https://www.bundeskanzlerin.de/Content/DE/Mitschrift/Pressekonferenzen/2018/08/2018-08-23-pk-merkel-bachtadse.html

Merkel Merkel

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

Merkel Merkel

ანგელა მერკელის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან

გიორგი მარგველაშვილი - გაყოფილი გერმანია ძლიერი, ერთიანი ერი გახდა, ჩვენ საქართველოსათვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ

"გერმანია მრავალი წლის მანძილზე საქართველოს დიდი მხარდამჭერი იყო. ჩვენი დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე გერმანელებმა ითავეს ლიდერობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მხარდაჭერისათვის. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ მომავალზე და ჩვენს ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, გვახსოვს, რომ გერმანია გაყოფილი იყო და ის გახდა ერთიანი, ძლიერი ერი, ევროპული პროცესების ლიდერი და ხედვის განმსაზღვრელი.

ჩვენ საქართველოსათვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ და ვიცით, რომ ამ გზაზე გერმანიის სახით გვყავს საუკეთესო მეგობარი", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან შეხვედრისას გააკეთა.

როგორც ანგელა მერკელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა, მან პირობა შეასრულა და საქართველოს ესტუმრა: "მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა, ახლა შევძელი პირობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ დიდი დრო დაჭირდა ამას. მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს დემოკრატიისა და  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე. ვფიქრობ, რომ თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის მანძილზე".

ვიზიტის უმთავრესი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა იყო. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს, რადგან თავდაცვის სფეროში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს და რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, ანგელა მერკელმა ცხადად ისაუბრა საქართველოს ოკუპაციაზე, როგორც პრობლემაზე ისე ტერმინოლოგიურად.

"კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრობლემების გადაწყვეტაში და ის ამის დასადასტურებლად ხვალ გაემგზავრება ოკუპაციის ხაზზე, როგორც მან თავად აღნიშნა. საუბარში ნათლად იყო დაფიქსირებული ის პოზიცია, რომ ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე მიუღებელია ის, რაც მოხდა ათი წლის წინ და რომ არასდროს გერმანია ამას არ შეეგუება.

მერკელმა ცალსახად ისაუბრა იმის თაობაზე, რომ გერმანია ყოველ ღონეს იხმარს, რათა შეჩერდეს ის, რაც ხდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, შეიცვალოს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ და ყოველ ღონეს იხმარენ, რომ ეს ისტორიული უსამართლობა შეწყდეს“, - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს საქართველო - გერმანიას შორის არსებული დღის წესრიგის ფართო სპექტრი: ორმხრივი ურთიერთობების საკითხები - სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის საკითხები, რამაც უფრო ინტენსიური უნდა გახადოს საქართველოს და გერმანიის ურთიერთობები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: გერმანიის სახელმწიფო მდივანი, პრესის ფედერალური სამსახურის უფროსი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, სამხრეთკავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი.

Merkel

ანგელა მერკელის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

Merkel Merkel Merkel

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა მოინახულა საოკუპაციო ხაზი სოფელ ოძისში

Merkel Merkel

შეხვედრა გერმანელ ჯარისკაცებთან

Merkel Merkel

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიის ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა. მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა და გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ტომას ბარაისმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სამთავრობო უწყებების, საპარტნიორო ფონდის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, „საქართველოს რკინიგზის“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და სხვა ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები. რაც შეეხება გერმანულ მხარეს, მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ ისეთი მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა Knauf Gips KG; Ernst Klett AG; Deutsche Bahn AG; Caisley International GmbH; GP Günter Papenburg AG; Cronimet Holding AG / Cronimet Mining AG; Giesecke & Devrient და სხვ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი პარტნიორი ქვეყანაა, შესაბამისად, ქართული მხარე მიესალმება ქვეყნებს შორის ურთიერთობების, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და გამოხატავს თანამშრომლობის მზადყოფნას ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. გერმანელი ბიზნესის წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს პრეზენტაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოსა და ადგილობრივი ბიზნესკლიმატის შესახებ, რომელიც მათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ, ქართული მხარის წარმომადგენლებმა გერმანული კომპანიების ხელმძღვანელების შეკითხვებს უპასუხეს.

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა 2 ხელშეკრუკლებას, რომელთა საერთო ღირებულება 193 მილიონ ევროს შეადგენს. 

„აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს. 

ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა, ოლაფ ციმელკამ.

აღნიშნული პროექტისთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით 40 მილიონი ევრო, ხოლო 3 მილიონი ევრო გრანტის სახით გამოყო.

24 აგვისტოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე“ შეთანხმება გაფორმდა.

ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ პრეზიდენტმა დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა.

Merkel Merkel Merkel Merkel