ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართული კულტურის დღეები ბერლინში

ბერლინში ქართული კულტურის დღეები დასრულდა

ბერლინში ევროპულ კულტურათა მუზეუმში ქართული კულტურის დღეები აჭარის ახალგაზრდა მოცეკვავეთა ანსამბლის „ხორუმის” შთამბეჭდავი კონცერტით დასრულდა. ღონისძიებებზე დამსწრე ასეულობით ადამიანი მთელი წარმოდგენის განმავლობაში უწყვეტი ოვაციებით ამხნევებდა მოცეკვავეებს.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროპულ კულტურათა მუზეუმის დირექტორმა ელიზაბეტ ტიტმაიერმა და  საქართველოს ელჩმა გერმანიაში ბატონმა ლადო ჭანტურიამ.  „ჩვენს მუზეუმს კულტურის დღეების ჩატარების ათწლიანი გამოცდილება აქვს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი წარმატებით არც ერთ მათგანს არ უსარგებლია. ეს იყო საუკეთესო კულტურის დღეები. დიდი მადლობა მინდა ამისათვის  გადავუხადო საქართველოს საელჩოს გერმანიაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს და ყველა სხვა ადამიანს, ვინც მთელი თვის განმავლობაში მხარში გვედგა“, განაცხადა ქალბატონმა ტიტმაიერმა.

საქართველოს ელჩმა კმაყოფილება გამოხატა კულტურის დღეებით და ორგანიზატორებს საქართველოს საელჩოს სახელით მადლობა გადაუხადა. „ამ წამოწყებამ  ბევრი ახალი მეგობარი შეგვძინა. ჩვენ მომავალშიც ინტესიურად გავაგრძელებთ ამ სფეროში თანამშრომლობას“, აღნიშნა მან.

საღამოს დასასრულს, ღონისძიებაზე მოსულ მრავალრიცხოვან სტუმარს ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ. მოწვეულ პირთა შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ქართული დიასპორის, გერმანული მასმედიის, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წევრებიც იმყოფებოდნენ.

ბერლინში ევროპის კულტურების მუზეუმში საქართველოს კულტურის დღეები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 31 ივლისიდან 30 აგვისტომდე ყოველკვირეულად სამი ღონისძიება იმართებოდა, რომლებიც ქართული კულტურის სხვადასხვა სფეროებს ეძღვნებოდა. სტუმრებს ქართულ ლიტერატურას, კლასიკურ მუსიკას, კინოხელოვნებას, მეცნიერებას, ფოლკლორს, ცეკვას, ისტორია ქართველი და გერმანელი ექსპერტები და ხელოვანები სხვადასხვა კუთხით წარმოუდგენდნენ.


ბერლინში ქართული კულტურის დღეები გრძელდება

მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, ფოლკლორული ანსამბლის "სულიკოს" კონცერტი გაიმართა. ქართული პოლიფონიური მუსიკისადმი მიძღვნილ საღამოზე შეკრებილ ასეულობით ადამიანს სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში, ლადო ჭანტურიამ მიმართა.

საღამოზე წარმოდგენილი იქნა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ორი ქართული ძეგლი: ქართული – პოლიფონიური სიმღერა და ღვინის დამზადების უნიკალური მეთოდისათვის საჭირო თიხის ტრადიციული ჭურჭელი – ქვევრი.

ქართული პოლიფონიის შესახებ სტუმრებს ესაუბრა მუსიკათმცოდნე, ქალბატონი სუზანე ციგლერი.

მუსიკალურ ნაწილში მაყურებლის წინაშე ხალხური პოლიფონიით, ქალაქური სიმღერებითა  და ინსტრუმენტული ტრიოთი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრებისაგან შემდგარი ანსამბლი “სულიკო” წარსდგა. საღამოს დასასრულს ქართველ მომღერლებთან ერთად ცნობილი ქართული სიმღერა ”სულიკო” ბერლინში არსებულმა გერმანულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა ლალემ შეასრულა.

საღამოს მუსიკალური ნაწილის გარდა, საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა ეროვნული მუზეუმის მიერ მიწოდებული ვერცხლისა და კერამიკული ნაკეთობები. ასევე გაცნობოდა დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებზე მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში აღბეჭდილ ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს. ამ თემასთან დაკავშირებით ბერლინში მოღვაწე მოქანდაკე ბესიკ მაზიაშვილმა, სპეციალურად მუზეუმისთვის, დაამზადა ქვევრები და ურემი.

მრავალრიცხოვანი მსმენელი ანსამბლის მუსიკალური ოსტატობით აღფრთოვანებას მთელი საღამოს განმავლობაში უწყვეტი ოვაციებით გამოხატავდა.

ანსამბლ სულიკოს კონცერტი საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია ბაგრატიონის მხარდაჭერით გაიმართა.

 

 
ქართული კულტურის დღეები ბერლინში (09.2014)

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ