ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

 

2016 წლის 15-16 ივნისს საქართველოს დელეგაცია, პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის შეხვედრის მთავარი თემები.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა მისთვის დაკისრებული ყველა ამოცანა, რაც ევროკომისიამ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღიარა. გამოითქვა იმედი, რომ ევროკომისიის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც უკვე განიხილება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში, უახლოეს მომავალში დადებითი გადაწყვეტილება მოჰყვება.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების თემაზე და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებსა და რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოუთმენლად ელის სადამკვირვებლო მისიას. გამოითქვა იმედი, რომ 2016 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაივლის.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრა გაიმართა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან. შეხვედრაზე ბუნდესტაგის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანია დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური განვითარებით და მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს. მანვე ხაზი გაუსვა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის ხანგრძლივ ისტორიას.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე. ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას და აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმები.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ივლისის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვევა.

შეხვედრის მთავარი თემა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხები იყო. ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში გერმანიის მხარდამჭერ როლს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანიის საგარეო უწყება მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღიარებს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხოების თემებზე, განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული სიტუაცია. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა გერმანიის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის როლს.

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის თქმით, გერმანია მიესალმება საქართველოს მთავრობის მიდგომას, აწარმოოს კონსტრუქციული პოლიტიკა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

საუბრის დასასრულს ითქვა, რომ საქართველოსა და გერმანიის საგარეო უწყებებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს - 2017 წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდა.

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველო-გერმანიის ბიზნეს ფორუმი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

საქართველო-გერმანიის ბიზნეს ფორუმის მთავარი თემები იყო საქართველოს ბიზნესგარემო და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები.

ფორუმის მონაწილე 130-მდე ქართული და გერმანული ბიზნეს ორგანიზაციის წარმომადგენლებს გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს, როგორც რეგიონის წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის პოტენციალი გააცნო. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ