ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენცია

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, საქართველოს დელეგაციამ მიმდინარე წლის 17-19 თებერვალს მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. წელს კონფერენციის დღის წესრიგში იყო ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და ნატოს სამხედრო ალიანსის მომავალი; ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა და ევროპის სახელმწიფოებს შორის აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობა; აგრეთვე, რუსეთთან ურთიერთობები და სირიაში მიმდინარე მოვლენები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, 30-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საგარეო და თავდაცვის მინისტრები.

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ გამართა როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი შეხვედრები. კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა იყოს ევროპული ოჯახისა და ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი: "ხელყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასეთი მძიმე ფონის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვცდილობთ, უპირველეს ყოვლისა, თანმიმდევრულად მივყვეთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზნებს და კონსტრუქციული გზით შევამზადოთ საფუძველი გრძელვადიან ჭრილში ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად. არც თუ ისე დიდი ხნის წინ საქართველომ მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება. სულ უფრო აქტიური ხდება ჩვენი ინტეგრაცია ნატოს სტრუქტურებში. ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ქვეყანა ვართ. ასევე, ვმონაწილეობთ ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო ოპერაციებში ევროკავშირის ეგიდით. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუერთდებით ევროპულ წესრიგს. ეს არ არის ხმამაღალი განცხადება, რადგან საქართველო აშენებს ქვეყანას, რომლის სისტემები ზედმიწევნით პასუხობს ევროპულ სტანდარტებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

 
მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენცია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ