ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან ბერლინში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.

საუბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს მისი პოლიტიკური გუნდის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის.

შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის დინამიკაზე. პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელს ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად ხელსაყრელი გარემოა შექმნილი, რასაც საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებიც ადასტურებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია, ასევე, სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური ვითარება ქმნის იმის წინაპირობას, რომ გერმანულმა ბიზნესწრეებმა უფრო აქტიურად განიხილონ საქართველო ბიზნესის საწარმოებლად, რაც მეტ ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული კავშირების განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირისთვის.

ლიდერებმა ისაუბრეს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე და ამ კუთხით - ქვეყნის როლზე რეგიონში. საუბრის თემას შეადგენდა ასევე საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში. გერმანია მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი სამხედროების როლს აღნიშნულ მისიაში.

შეხვედრისას განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობა. ხაზი გაესვა საქართველოს ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და აქტიური შერიგების პოლიტიკისკენ. აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.

ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა გერმანიის ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციაში შედგა. ქართული მხარიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია ესწრებოდნენ.

 
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ