ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის - ლადო ჭანტურიას მიმართვა

 

ქალბატონებო და ბატონებო,

ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ როგორც საქართველოს ელჩმა გერმანიაში - იმ ქვეყანაში, რომელსაც ისტორიულად თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. როგორც 1918 წელს, პირველი ქართული რესპუბლიკის ჩამოყალიბების დროს, ისე 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გერმანია ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც აღიარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და მხარი დაუჭირა ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ეს მხარდაჭერა დღესაც გრძელდება. გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორი და მეგობარია.

გერმანულ-ქართული ურთიერთობები კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტის, ეკონომიკის სფეროში მრავალფეროვანი და მჭიდროა. მრავალი ჩვენი თანამემამულე წარმატებულად მოღვაწეობს გერმანიაში. საქართველოს საელჩო შეეცდება მუდმივად იყოს დიალოგში გერმანიაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან და შესაძლებლობის ფარგლებში მხარში დაუდგეს მათ.

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს მრავალ მოქალაქეს მიეცა გერმანიაში სწავლისა და პროფესიული დაოსტატების შესაძლებლობა. მათი დიდი ნაწილი საქართველოში დაბრუნდა და ქვეყნის სამსახურში იმყოფება, თუმცა კავშირები გერმანიასთან კვლავაც მჭიდროა. საქართველოს საელჩო ხელს შეუწყობს ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.   

ევროპა არის საქართველოს მომავალი. ეს მომავალი გერმანიის აქტიური მონაწილეობის გარეშე ძნელად წარმოსადგენია. მრავალრიცხოვან ერთობლივ პროექტებსა თუ ინიციატივებში უნდა ჩამოყალიბდეს ახალი საქართველო, რომელიც ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გახდება. ამ თანამშრომლობას საელჩო მუდმივად შეუწყობს ხელს. 

საქართველოს საელჩოს ინტერნეტ ვებ-გვერდზე თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ საელჩოს მუშაობას და მიიღოთ საჭირო ინფორმაცია. საელჩოს თანამშრომლები დაუზარელად და კვალიფიციურად იზრუნებენ თქვენთვის თანადგომისა და დახმარების აღმოსაჩენად. 

საქართველოს საელჩო შეეცდება ღირსეულად წარმოადგინოს საქართველო, მისი ხალხი და სახელმწიფო გერმანიაში და გერმანელი ხალხის წინაშე.


ლადო ჭანტურია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ