საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა
ხსენებული მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით www.sda.gov.ge .
წარმოსადგენი დოკუმენტები :
1. შევსებული ანკეტა (იხილეთ დანართი)
2. 18-დან 27 წლამდე ასაკის მამაკაცის შემთხვევაში - სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესახებ;
3. 1 ფოტო;
4. არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში - ქართული პასპორტის ასლი.
5. არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო სამსახურში ცხადდება არასრულწლოვანის მხოლოდ ერთი მშობელი, საჭიროა მეორე მშობლის ნოტარიალური თანხმობა არასრულწლოვანი შვილის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დამოწმდეს აპოსტილის ბეჭდით, ითარგმნოს ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ უნდა იქნეს ასევე აპოსტილის ბეჭდით.
14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში, განცხადების განხილვისათვის აუცილებელია მისი წერილობითი თანხმობა. ამისთვის ის უნდა გამოცხადდეს საკონსულო სამსახურში განცხადების ჩაბარების დროს.
6. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გარანტია (Einbürgerungszusicherung), დამოწმებული აპოსტილით, თარგმნილი ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებული აპოსტილით.
7. სავალდებულოა მომსახურების საფასურის გადახდა, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს საქართველოში ნებისმიერ იუსტიციის სახლში (საკონსულოში გამოცხადების შემდეგ, ნებისმიერ მესამე პირს შეუძლია გადაგიხადოთ საქართველოში).
საკონსულოში ვიზიტის ასაღებად, გთხოვთ, მიყვეთ ბმულს: https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit .
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.